სოფელ მაღაროსკარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

566

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

მაღაროსკარის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მას შპს „მეტალ+“ აწარმოებდა. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება.

პროექტის ფარგლებში შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, გაკეთდა ცივი და ცხელი წყლის, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე, შესასვლელი კიბე, პანდუსი და სხვა. ამასთან, ეზოში მოეწყო საბავშვო-გასართობი კონსტრუქციები, ხოლო სათამაშო მოედანი დაიფარა კაუჩუკის საფარით. უახლოეს პერიოდში კი ბაღი შესაბამისი ინვენტარითაც აღიჭურვება.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვა, მათთვის უკეთესი გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა მაღაროსკარის საბავშვო ბაღი, სადაც პატარებს ამიერიდან გაუმჯობესებულ პირობებში მოუწევთ ყოფნა, რაც განსაკუთრებით მახარებს“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ.

მაღაროსკარის საბავშვო ბაღში ამჟამად 17 აღსაზრდელი ირიცხება.