მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით და ორპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.
ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროექტში ჩადებული სამივე პუნქტის მიღება აუცილებელია.
„სამი ძირითადი პუნქტი არის აქ. ესენია: დაბალი ბარიერი ორი პროცენტის ფარგლებში, სრულად პროპორციული არჩევნები და პროკურორის არჩევის წესი. სამივე არის უაღრესად მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ, რომ სამივე პუნქტი იყოს მოხვედრილი ამ კანონში“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
ორ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სრული კონსენსუსი არსებობს. თუმცა, არის ერთი სადავო საკითხი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დარჩება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რომელიც, 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, საგამოძიებო უწყების პირველი პირის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 90 ხმით გულისხმობს. მმართველ გუნდში აღნიშნული ჩანაწერი არ მოსწონთ.
„ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ პლენარული სხდომის ფარგლებში. არის კონკრეტული არგუმენტები ჩვენი მხრიდან. მაგალითად, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, რომ მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, არ ჯდება იმ პრინციპებში, რომელიც საჭიროა სახელმწიფოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვთხოვეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, წარმოადგინონ კონტრარგუმენტები, თუ რითი შეიძლება, ეს იყოს გამართლებული. ამ მსჯელობის შედეგად, საბოლოოდ გადაწყდება, როგორ ფორმას მიიღებს ეს კანონპროექტი“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იქნება საჭირო.