“შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში სპორტის სასახლის უკან არსებულ კერძო სახლებს ე.წ. ბარაკებს გამოისყიდიან და მათ ადგილას პარკს გააშენებენ.
მისი განცხადებით, თბილისში 2-დან 4 კვადრატულ კილომეტრამდე ფართის 10 ახალი პარკი გაკეთდება. ასევე გეგმაში აქვს სკვერების აშენება და ამავე დროს სურს ინოვაციური მეთოდების გამოყენებაც, რაც ქალაქში გამწვანებას შეუწყობს ხელს.
“რაც შეეხება უშუალოდ გამწვანებას, ეს უშუალოდ გეგმაშიც უნდა აისახოს. დღეს თბილისში 33 უბანი გვაქვს, 9-ში მეტ-ნაკლებად ადეკვატური გამწვანებაა. ჩვენ 10 ახალი პარკის მშენებლობას დავგეგმავთ. თითო პარკი დაახლოებით 2-დან 4 ჰექტრამდე იქნება. ასევე გაკეთდება სკვერები, დაახლოებით 100-დან 500 კვადრატულ მეტრამდე. რომელიც მაქსიმალურად ფეხით სასიარულო ადგილზე უნდა იყოს. ასევე არსებობს ადგილები, სადაც გამწვანებისთვის საკმარისი ფართობები არაა. ასეთ ადგილებზე ინოვაციური მეთოდები უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ტერასული და ვერტიკალური გამწვანება, ქოთნებით გამწვანება და ა.შ. პირდაპირ გეტყვით, ზოგიერთ შემთხვევაში უნდა წავიდეთ იმ გზით, როდესაც შენობების ნაცვლად გამწვანების ადგილები იქნება. მაგალითად, სპორტის სასახლის უკან აშენებულ შენობებს ვეღარაფერს ვუზამთ, მაგრამ იქ დარჩენილია კერძო სახლები, ე.წ. ბარაკები. არიან ხალხი, რომელთაც სული უკაწკაწებთ, როდის მოახდენენ იმ ადგილებზე კორპუსების აშენებას. იმ ზონაში კორპუსების მშენებლობების ნებართვები აღარ გაიცემა, პირიქით ასეთი კერძო სახლების ადგილზე გაკეთდება გამწვანება.
დიდ სახლს ვერ დავანგრევთ, მაგრამ სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია აღარ დავამატოთ ეს სიმახინჯე და შესაძლებელია რომ პარკი გავაშენოთ. ეს დეველოპერებისთვის იქნება დანაკარგი, მაგრამ მერიისთვის ეს ასე არ უნდა იყოს”, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
წყარო: აიპრესი