პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხლავს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მთავარი საკითხი, რაც გვექნება, არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 7 სექტემბერს იქნება განხილული და რომლის დასკვნებიც არის, დარეგისტრირდება შემდეგ ბიუროზე და ჩაჯდება დღის წესრიგში,”- განაცხადა კუჭავამ.
საკონსტიტიციო ცვლილებებზე წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, რომლის განხილვის შემდეგ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი სესიაზე პირველი მოსმენით გავა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.
ინიცირებული ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს, თუმცა, მმართველ გუნდში ახლა არ გამორიცხავენ, რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დეპუტატთა 113 ხმა სჭირდება, შესაბამისად, მის დასამტკიცებლად, კენჭისყრებში ოპოზიციის თანამოწილეობაა საჭირო.