,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო დღეიდან სრულად კოვიდის მართვის რეჟიმზე გადავიდა

677

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, შიდა ქართლში დღეიდან სრულად კოვიდის მართვის რეჟიმზე გადავიდა კიდევ ერთი კლინიკა – ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო.

აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება გასული წლის ოქტომბრიდან კოვიდკლინიკის დატვირთვით ფუნქციონირებდა, აპრილიდან კი ჩვეულ რეჟიმს – მრავალპროფილურ სერვისებს დაუბრუნდა.

რეგიონის სამედიცინო სექტორში კოვიდის მართვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და რესურსებს შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო.

„ინფიცირების შემთხვევათა მნიშვნელოვნად მატების ფონზე საჭირო გახდა რეგიონში დამატებითი რესურსების მობილიზება, რისთვისაც კიდევ ერთი კოვიდკლინიკის ამოქმედება მოხდა. ამ ეტაპზე, გორის ჰოსპიტალის კოვიდსტაციონარი ფუნქციონირებს 84 საწოლზე, 110 კოვიდინფიცირებულ პაციენტზეა გათვლილი ,,გორმედის“ გორის კოვიდკლინიკა და 50 პაციენტის მართვა ხდება ამავე სამედიცინო ქსელის ქარელის საავადმყოფოში. კოვიდის მართვაზე გადავიდა ხაშურის საავადმყოფოც, რომელიც 86 პაციენტზეა გათვლილი. ჯამში, ამ დროისთვის, შიდა ქართლში 330 კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, რეგიონში ვაქცინაცია მიმდინარეობს აქტიურად – ოთხივე მუნიციპალიტეტში 5 ლოკაციაზე და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ, ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გამოსავალი, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და ირგვლივ მყოფებს“, – განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

,,გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით, გორის და ქარელის კლინიკების კოვიდსტაციონარების საწოლფონდი ამ ეტაპზე სრულად ათვისებულია. ,,გორმედის“ გორის კლინიკა 110 საწოლითაა ჩართული კოვიდის მართვაში და ამ დროისთვის სრულად ათვისებულია საწოლფონდი, მაგრამ ეტაპობრივად ხდება პაციენტების როგორც გაწერა, ისე შემოდინება.

ქარელის კლინიკაში 50 საწოლია მობილიზებული და აქაც ათვისებულია ყველა საწოლი. მოხდა დამატებითი რესურსების მობილიზება და კოვიდის მართვაში ჩაერთო ჩვენი ქსელის ხაშურის კლინიკა, რომელიც 86 საწოლითაა წარმოდგენილი და უკვე დაიწყო ინფიცირებული პაციენტების მიღება. სიტუაცია საგანგაშოა, კოვიდპაციენტების შემოსვლა ძალიან ინტენსიურია და სხვა გამოსავალი არ არის, თუ არა ვაქცინაცია. მასობრივი ვაქცინაციის გარეშე, უარეს მდგომარეობას მივიღებთ“, – განაცხადა ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, რეგიონში აღინიშნება შემთხვევების მზარდი დინამიკა და დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 10.8%-ს მიაღწია.