17 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც სამცხე–ჯავახეთსა და ქართლის რეგიონში მუშაობს ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“მაშინ როდესაც, Covid 19-ით ყოველდღიურად საქართველოს არა ერთი მოქალაქე ინფიცირდება და იღუპება, ვაქცინაცია რჩება გადარჩენის ერთადერთ გზად და ამაში, მოქალაქეთა დარწმუნება, ინფორმირება და მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფა უმთავრეს გამოწვევად რჩება თითოეული ჩვენგანისთვის.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასასრულებლად და იმისთვის, რომ
ადამიანებს მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და
საქმიანობას, აუცილებელია თითოეული ჩვენგანი აიცრას. თითოეული ჩვენგანის
ჩართულობა კი პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ეფექტურს გახდის.
სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის სწრაფი და ეფექტური ვაქცინაციისთვის უმთავრესია მათი წინასწარი ინფორმირება, დარწმუნება.
სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და არ აპირებს მის გაკეთებას. ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), აქ მცხოვრები, მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად, მათი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ კვლავს რუსულენოვანი არხები რჩება და ხშირად, თავისდაუნებურად ექცევიან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ (არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის ნაწილი, უფრო მეტ ნდობას უცხადებს რუსეთში წარმოებულ ვაქცინას, ვიდრე, მსოფლიო ჯანმოს მიერ აღიარებულ სხვა ვაქცინებს) მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თანაბრად მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომზადდა არა ერთი ვიდეო რგოლი, სტატია, ბუკლეტი, გაიკრა უამრავი ბანერი ეთნიკური უმცირესობების ენაზე, კვლავაც გრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. აცრის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნულ რეგიონებშია.
პრობლემის მიზეზი არაერთია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომც მოხდეს მოქალაქეთა ამ ნაწილის დარწმუნება აცრის აუცილებლობაში, ისინი მორიგი დაბრკოლების წინაშე დგებიან, სპეციალურად შექმნილი პორტალი, რომლითაც ხდება აცრის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია (https://www.moh.gov.ge/covidchart/register/register ) მხოლოდ ქართულ ენაზე და მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს (რომელიც არ არ ფლობს სახელმწიფო ენას) დამოუკიდებლად არ ეძლევა შესაძლებლობა დარეგისტრირდეს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მხოლოდ ქართულ ენაზე პასუხობენ სპეციალურად პანდემიის დროს შექმნილი ცხელი ხაზის ოპერატორებიც, რაც დამატებით ბარიერებს უქმნის მათ, ართულებს კომუნიკაციას და კიდევ უფრო ზრდის აცრისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას.
ჩვენ, როგორც წლების განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მანამ სანამ, ქვეყანას ყავს მოქალაქეები რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას მისი ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იზრუნოს მათ სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ვთვლით, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებს, უნდა ქონდეთ შესაძლებლობა აღნიშულ პორტალზე გაიარონ რეგისტაცია და მიიღონ ინფორმაცია ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მათთვის გასაგებ ენაზე.
ვიმედოვნებთ სახელმწიფო ჯეროვნად შესარულებს თავის მოვალეობებს მოქალაქეების წინაშე და უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ვაქცინაციის პროცესზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია ტოლერანტი – ცირა მესხიშვილი
2. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი – თამარ კაპანაძე
3. სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი – ედუარდ აივაზიან
4. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი – შორენა თეთვაძე
5. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი – მარინე სუდაძე
6. დემოკრატ მესხთა კავშირი – გიორგი ანდღულაძე
7. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია -კავშირი “პაროს” – ნარინე გინოსიან
8. ასოციაცია მომავლის კორპუსი – ვაღარშაკ შახბეკიან
9. ააიპ ღია საზღვრები- რიმა ღარიბიან
10. ააიპ “რადიო-ტვ ნორ” – არარატ თთთიან
11. ქალები ჯავახეთის მომავლისათვის – დალი აღდგომელაძე
12. ,,კავშირი – თანადგომა შვილებს” – მაია გაჩეჩილაძე
13. მეცხრე არხი (შპს იმპერია) – მაია იველაშვილი
14. ქალი და სამყარო – მარინა ბჟალავა
15. თრიალეთის ექსპრესი- ნაზი მეშველიანი
16. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი – ლუსინე დოსტიბეგიანი
17. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი – ზაურ ხალილოვი