სოხუმი “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ “საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანხმად, “დოკუმენტი რეალობას არის მოწყვეტილი და ამახინჯებს აფხაზურ-ქართული წინააღმდეგობების გამომწვევ მიზეზებს”. დეფაქტო უწყების თანახმად, “საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, აფხაზურ-ქართული კონფლიქტი წარმოაჩინოს რუსულ-ქართულ კონფლიქტად, არანაირი გამართლება არ აქვს და პასუხისმგებლობისგან გაქცევის და დანაშაულის ტვირთის მოხსნის მცდელობაა”.
აფხაზეთის “საგარეო საქმეთა სამინისტრო” ქართულ მხარეს შეახსენებს, რომ “საქართველოს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა 1992 წელს აფხაზეთში ომის გაჩაღებაზე, ისევე, როგორც 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში ტრაგიკულ მოვლენებზე”. მათივე განცხადებით, “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისა და დეოკუპაციის შესახებ რუსეთისადმი საქართველოს მოთხოვნაც განუხორციელებელია”.
საქართველოს პარლამენტმა 2 აგვისტოს, 91 ხმით მიიღო რეზოლუცია “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ”, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ერთი მხრივ, რუსეთს, შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და, მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობას შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ, რომ დაგმოს რუსეთის მიერ ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნისათვის მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარტნიორები უნდა დაეყრდნონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკუთარი პოლიტიკის როგორც რუსეთის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ წარმართვისას.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.