ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება და არსებულის ინვენტარიზაცია მოხდება

712

მოხდება ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც საგრძნობლად აამაღლებს სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების მოსავლიანობას – ამის შესახებ კანონპროექტს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ მხარი დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კოლეგებს კანონპროექტის არსი გააცნო და განაცხადა, რომ პროექტით რეგულირდება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მინიჭებასთან, ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

მისი თქმით, მოხდება ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც საგრძნობლად აამაღლებს სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების მოსავლიანობას.

„მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება, რადგან უდიდესი ნაწილი ქარსაცავებისა განადგურებულია და ეს ხელს უშლის აგრარული სექტორის განვითარებას ისე როგორც საჭიროა. ამიტომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა ჩვენი მხრიდან უმნიშვნელოვანესია, წლები მზადდებოდა ეს კანონი და ასევე აუცილებელია, რომ  კომიტეტმა და პარლამენტმა უკეთ ვიზრუნოთ ამ კანონის სწორად აღსრულებაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.