რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

844

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვით, ცვლილებები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონებში შედის.

მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის აუცილებლობა საქართველოს კონსტიტუციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ცვლილებებმა განაპირობა.

„ახლებურად განისაზღვრა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელისუფლებო ორგანოები და ამ ორგანოთა ჩამონათვალში აღარ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები. ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ საქვეუწყებო დაწესებულება შესაძლებელია გააჩნდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხოლოდ სამინისტროს. აქედან გამომდინარე, საქვეუწყებო დაწესებულებების, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ, რეორგანიზაცია მოხდა და დაქვემდებარებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამინისტროებს. წარმოდგენილი ინიციატივა ეხება ერთ-ერთ ასეთ საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის სამმართველოს“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქვეუწყებო დაწესებულებების კუთვნილების ცვლილებამ შესაბამისად ცვლილებები გამოიწვია მოქმედ კანონმდებლობაში და ახლა ხდება კანონების ჰარმონიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მხარი დაუჭირა.