ღარიბაშვილი: ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს

296

ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, აცრა დროულად ჩაიტარონ.

„ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ დროულად ჩავიტაროთ აცრა. ჩვენ მაქსიმალურად გავაფართოვეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩვენ გვინდა ეტაპობრივად უნდა ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაციაა საჭირო, უფრო მეტი კომუნიკაცია, უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც წინა კვირას ვთქვი – ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ვიღაც დეზინფორმატორებს, რომლებიც ავრცელებენ ათას სიყალბეს და ყალბ ამბებს.

ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთის მხრი, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს. ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. მართლაც უპრეცედენტო ზრდაა ჩვენს ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა მოვახერხეთ, არის ძალიან კარგი და სასიარულო ამბავი. ამ ყველაფერს სჭირდება სწორად გამოყენება, სწორი ახსნა მოსახლეობასთან. ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.