მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა მთავრობას დღევანდელ სხდომაზე წარედგინება

394

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა.

„დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხს მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც უკვე დავიწყებთ და დღეს ოფიციალურად გამოვიტანთ ამ პროგრამას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტები და დამტკიცდება მეწარმეობის მხარდაჭერის რამდენიმე ახალი მექანიზმი, რომელიც გაზრდის სესხის თანადაფინანსების და თანაგარანტირების შესაძლებლობებს. ასევე, მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის, ან სპეციალური გრანტების შესაძლებლობას.