მაკრახიძის კომპანია გორის მერიასთან 2 552 000 ლარიან ხელშეკრულებებს გააფორმებს

818

გორის ყოფილი მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანიამ “იბოლია” მერიის ორ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ორივე ტენდერში “იბოლია” ერთადერთი მონაწილე იყო. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება გორში აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ჩასატარებლადაც მერია მაკრახიძის კომპანიასთან 2 078 000 ლარიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

თავდაპირველად, “იბოლიამ” 2 545 000 ლარად შესთავაზა მერიას ამ სამუშაოების ჩატარება, თუმცა რამდენიმე საათში კომპანიამ აზრი შეიცვალა და 467 000 ლარით ნაკლებ ფასად გადაწყვიტა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება.

მეორე ტენდერი ეხება ასევე გორში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას. მერია და “იბოლია” 474 000 ლარიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

ჯამში, გორის მერია ორი ქუჩის რეაბილიტაციისთვის მაკრახიძის კომპანიას  2 552 000 ლარს გადაურიცხავს.