იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ცვლილებების მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტყის დაცვისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება სახელმწიფო უწყებებში. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, დღესდღეობით, ტყის ფონდში კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას, ასევე შეასრულებს ეროვნული სატყეო სააგენტოც, რაც გააძლიერებს ტყის დაცვის კონტროლს.
საკანონმდებლო პაკეტით, თუ ნივთიერი მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეა, რომელიც სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზეა, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ექნება, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების თანხმობით, ის განკარგოს, ხოლო მიღებული თანხა დააკონსერვოს მის ანგარიშზე. თუ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირი უდანაშაულო იყო, ამ შემთხვევაში მას თანხა აუნაზღაურდება, სხვა შემთხვევაში კი, თანხა განიკარგება ტყის მართვის მიზნებისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე შეეხება: ტერმინთა განმარტებებს, ტყის სტატუსის შეწყვეტის/დაბრუნების საკითხებს, ტყის საზღვრის კორექტირების საფუძვლებს და სხვა.
„ტყის კოდექსი“ 2020 წელს წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ეს არის ახალი კანონი, რომელიც დაფუძნებულია ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე. კანონში იყო ბევრი ისეთი საკითხი, რაც რეალურად სიახლე იყო ჩვენი კანონმდებლობისთვის და შესაბამისად, კოდექსის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და თემები, რომლის დახვეწა საჭირო გახდა. სწორად ამ მიზანს ასახავს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი 36 პუნქტისგან შედგება და მისი მიღების შემდეგ გასწორდება „ტყის კოდექსით“ დადგენილი პროცედურული საკითხები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი, ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც დაიცავს როგორც დაინტერესებული პირების ინტერესებს, ისე გაუმარტივებს ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას.