პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევ პირებს შეეხება

355

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ ინიცირებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევ პირებს შეეხება.

აღნიშნული ინიციატივით, 2021 წლის 23 ივნისამდე, ვინც ჩაიდინა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, იქნება ეს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები, თუ – სისხლის სამართლის წესით უკვე აღძრული საქმეები, ყველა პირს ამნისტია შეეხება.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ბექა დოჭვირის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეხება და ჩამოწერილი იქნება 76 მილიონ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა.