მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თვით გადაიდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ვადა დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე გახანგრძლივდა.
„ჩვენ ველოდებით სამხარაულიდან ბაქნის მდგრადობის შესახებ დასკვნას. როგორც კი ამ დასკვნას მივიღებთ, დაიგეგმება რეაბილიტაციის შემდგომი ნაბიჯები. ამის პარალელურად, გარკვეულ სივრცეებში, მეტროს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რკინის გადახურვის კონსტრუქციის ნაწილიც უკვე მორჩენილია. ეტაპობრივად გადახურვაც დასრულდება და როცა მივიღებთ სამხარაულიდან შესაბამის დასკვნას, უკვე სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები, რაც უნდა განხორციელებულიყო, დაიგეგმება და განხორციელდება.
სამწუხაროდ, ვადებს ვერ გეტყვით. დასკვნა წესით მალე იქნება, შემდეგ გარკვეული პერიოდი ამ სამუშაოების წარმოებას დასჭირდება. შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს ამ ყველაფერს. რეაბილიტაციის პროცესის დაანონსებულ დროში დასრულება იქიდან გამომდინარე ვერ მოხდა, რომ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, რომლისთვისაც გათვლილი იყო ორი თვე, აღმოჩნდა, რომ საჭიროა დამატებითი სხვა მოცულობითი სამუშაოების ჩატარება. ამიტომ საჭირო გახდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვა და სწორედ ამ დასკვნაზე ვართ დამოკიდებული, კიდევ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს და შესაბამისად, რა დრო დასჭირდება მის განხორციელებას,“ – განაცხადეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურზე „გოცირიძე“ არ ჩერდებიან. მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა იყო დაანონსებული, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა.