თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა 2 პირი, რომლებმაც დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები – წარწერით “არა ნაცებს! არა ბოროტებას” თვითნებურად გააკრეს.
მერიაში აცხადებენ, რომ პლაკატების უმეტესობა გუშინ ჩამოიხსნა, თუმცა, თბილსერვის ჯგუფი ამოწმებს სხვა ქუჩებსაც. მარიაში ამბობენ, რომ იდენტიფიცირებული პირები დაჯარიმდებიან.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში სამი პირი ჩანს, რომელთა იდენტიფიცირება ვიდეოს მიხედვით მარტივია. მათივე თქმით, სხვა პირების იდენტიფიცირება გრძელდება.
“ორ მათგანს უკვე ეცნობა, რომ დაჯარიმებულნი არიან და ქვითარი ხვალ გადაეგზავნებათ ფოსტით”, — განაცხადეს მერიაში.
გუშინ, 24 ივლისს, თბილისის ქუჩებსა და მის შემოგარენსი კვლავ გამოჩნდა ბანერები წარწერით: “არა ნაცებს, არა ბოროტებას”, თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პლაკატები For.ge-ს რედაქტორისა და მოძრაობა “დავასრულოთ” დამფუძნებლის, გიორგი იაკობაშვილის დავალებით გააკრეს. ორი მოქალაქის დაჯარიმებას ის Facebook-ზე გამოეხმაურა.
“ხალხი დამიჯარიმეს. პლაკატები ჩამომიხსნეს. ლამის, ხალხის მტრად გამომაცხადეს… და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში!”, — წერს იაკობაშვილი.
წარწერა: “არა ნაცებს, არა ბოროტებას” თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა.
ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა, ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: “ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!”, “ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!”, “ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!”, “ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!”.