საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით Forbes America სტატიას მოამზადებს

397

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალრეიტინგული გამოცემა Forbes-ის წარმომადგენელისათვის პრეს-ტური გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი რაჭაში საოჯახო მარნებს ესტუმრა და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნა. 8-დღიანი ტურის შემდეგ რანა ბელინდა გუდი Forbes-ისთვის საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით მკითხველს გააცნობს.

„საქართველოში მშვენიერი დრო გავატარე, ძალიან მომეწონა. მე საქართველოს ბევრ განსხვავებულ კუთხეში ვიმოგზაურე, ვიყავი მთებში, ვნახე მდინარეები, დავათვალიერე თბილისი, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა საქართველოში სანახავი. შემდეგ ჩამოსვლაზე მინდა დავათვალიერო ბორჯომი, ბათუმი და ყაზბეგი“, – ამბობს „Forbes-ის ჟურნალისტი რანა ბელინდა გუდი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის და ავიაციის აღდგენა დაიწყოს ჯანსაღი და სწრაფი ტემპით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ აღდგენის ტემპი და ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ტურისტებისთვის და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ამიტომ Forbes-ის მოწვევა ასეთ მოკლე პერიოდში ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდასა და კიდევ უფრო პოზიციონირებას. ჩვენ სწორედ შევარჩიეთ ის მიმართულებები, სადაც ჟურნალისტი ჩავიდა და ესტუმრა, მათ შორისაა: იმერეთი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რაჭა, სვანეთი, იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ამ რეგიონების ცნობადობა, ვნახოთ უფრო მეტი საერთაშორისო და შიდა ტურისტი ამ რეგიონებში, რომ მდგრადად განვითარდეს და გაძლიერდეს მცირე და საშუალო ბიზნესი სრულიად საქართველოში და ჩვენთვის მნიშვნელოვან სამიზნე რეგიონებში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.