ტიკარაძე: მოგმართავთ თხოვნით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად

428

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები „ფაიზერის“ მეორე დოზებზე რეგისტრაციას 24 ივლისის 12:00 საათამდე არ გაივლიან, მაშინ ისინი ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმავე დაწესებულებებში, სადაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.

ამის შესახებ მინისტრმა უწყებაშთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს შეეძლებათ შეცვალონ კლინიკა და აცრის გაკეთების თარიღი.

„დღეს განახლდება რეგისტრაცია „ფაიზერის“ მეორე დოზებზე და 37 კლინიკაში, სადაც მათ უკვე ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. თქვენ იცით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, აქ ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეებს მოქნილობას და ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ საშუალება, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა შედარებით მოგვიანებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.