ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოდექსი პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მიიღო, რომლის ამოქმედების საწყის ეტაპზე პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეულ ნორმათა დახვეწის, ახლებური მოწესრიგების, ასევე ახალი კანონქვემდებარე აქტების მიღების საჭიროება.
პრობლემები ძირითადად უკავშირდება დარგობრივი ტერმინებისა და საკითხების გასწორებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან.
ერთ-ერთი ინიციატორის, მაია ბითაძის განმარტებით, დღის წესრიგში დადგა გარკვეულ საკითხებზე გარდამავალი დებულებების დამატება, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას ტყის მართვის ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იყოს იმ პირთა კანონიერი ინტერესები, ვინც მოექცა ძველი და ახალი კანონის გარდამავალი პერიოდის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტი შეიცავს 36 პუნქტს, რომელთა მიხედვითაც ცვლილება შედის კოდექსის მოქმედ ნორმებში.
„კანონპროექტის მიღების შემდეგ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი, ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც დაინტერესებული პირების ინტერესებს დაიცავს და ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას გაუმარტივებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსსა“ და გამომდინარე კანონპროექტებს, მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, სადაც გაწერილი იყო სამინისტროს კომპეტენციები გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში.
„ეს ეხება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და ტრანსსასაზღვრო პროცედურებს, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესსა და კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების საკითხებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ ორივე საკანონმდებლო პაკეტს.