პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება

262

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის 2/3-იანი კვორუმით არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება. საკითხი დღის წესრიგში ასახულია. პირველი კენჭისყრა 18 ივლისის სხდომაზე გაიმართა, თუმცა კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

ამასთან, გამოკვეთილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრად “ქართული ოცნება“ გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.

საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისთვის 76 ხმა საკმარისი იქნება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.