ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
მთავრობამ პარლამენტს პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უცვლელი სახით დაუბრუნა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.
ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, 7.7 პროცენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა.
მისი განცხადებით, პარლამენტს ჰქონდა ძირითადი შენიშვნა, რომ თუ შემოსავლების დამატებითი მობილიზება მოხდება, აკუმულირებული თანხა დეფიციტის შესამცირებლად მიემართოს. კაკაურიძის თქმით, ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის წინადადებას იზიარებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმისტური სცენარი განვითარდა, ჩვენ სრულად მივმართავთ დამატებით რესურსებს დეფიციტის შესამცირებლად. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება 6,5 პროცენტზე ჩამოვიდეთ დეფიციტის კუთხით“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია კიდევ ორი, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.
პანდემიასთან დაკავშირებულმა ჯანდაცვის ხარჯებისთვის 446 მილიონი იქნა დამატებული და ჯამში 846 მილიონი ლარი შეადგინა. დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის, რაც მთავრობის ინფორმაციით, სრულყოფილად ფარავს მოსახლეობის 60 პროცენტიანი მოცვის ნიშნულს.