ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აღნიშნულ ქუჩაზე საფრთხის ქვეშ რამდენიმე ოჯახია. მოსახლეობის თქმით, მათ პრობლემა მას შემდეგ შექმნათ, რაც გელათის ქუჩაზე მძიმეწონიანმა მანქანებმა გადაადგილება და ავტობანის მშენებლობისათვის კარიერიდან ქვის წაღება დაიწყეს.
“ჩვენ მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მშენებლობამ ჩვენ რატომ უნდა შეგვიწიროს? გზა ხომ დაზიანდა, სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და წყალი ჩვენს ეზოებში გადმოდის. სახლის კედელთან ჩამომივიდა მიწა და მეწყერმა ჩემი ღობე წაიღო. თუ რაიმე ზომები არ მიიღეს, შეიძლება სახლიც წამართვას. ღამე შიშით ვერ ვიძინებ,” – ამბობს გელათის ქუჩის მკვიდრი შალვა შანიძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე გავლენ, სპეციალისტებთან ერთად მდგომარეობას შეისწავლიან და ამის შემდეგ მიიღებენ ზომებს მოსახლეობის დასახმარებლად.
“აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას ჩვენთვის არ მოუმართავს. თუ ნამდვილად არის საფრთხე, იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც კარიერზე მუშაობს, საკითხს განვიხილავთ და ზომებს მივიღებთ,” – აცხადებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.
წყარო: ინტერპრესნიუსი