პარკირება – გადაუჭრელი პრობლემა ხულოში

427

პარკირება – ბათუმის პარალელურად, წლებია პრობლემაა ხულოშიც. მუნიციპალიტეტში ერთი საპარკინე სივრცეც კი არაა. საკითხის მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თემაზე ფიქრს ახლა იწყებენ. ეს კი ალბათ, მოახლოებულ თვითმმართველობების არჩევნებს უკავშირდება. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილებს, ხულოში ხშირად ნახავთ. მუნიციპალიტეტში, ეს საკითხი, წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ცენტრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა, კერძოდ, პარკირების მოწყობა-მოწესრიგება თვითმართველობის კომპეტენციაა, შესაბამისად ეს საკითხიც მან უნდა მოაგვაროს. ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ამტკიცებს, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ოპოზიციურმა ფრაქციამ საკითხი დაამუშავა და საკრებულოს ინიცირებით მიმართა. ლევან მახარაძის თქმით, წარმომადგენლობითმა ორგანომ, თემა არც კი განიხილა.

გარდა მუნიციპალური ცენტრისა, პარკირება არ არსებობს ხულოს თვითმართველობის იმ შენობის მიმდებარედ, სადაც მერია და საკრებულო ფუნქციონირებს. ხედავს თუ არა არ არსებულ პარკირებაში პრობლემას წარმომადგენლობითი ორგანო და რა გააკეთეს დღემდე საკითხთან მიმართებაში? აქ გვიპასუხეს, რომ რეეაგირება იყო, შედეგს კი, ელოდებიან.

ხულოს მერის მოადგილე აცხადებს, რომ პრობლემის გადასაჭრელად თვითმართველობა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. ნადიმ ვასაძის თქმით, მერია პარკირების მოწყობას ამ ეტაპისთვის, ორ ადგილზე განიხილავენ.

ტერიტორია, რომელზეც ნადიმ ვასაძის ინფორმაციით, ხულოს მერია პარკირების მოწყობას გეგმავს, მერიის ბალანსზე სრულად არ ირიცხება, ნაწილი კერძო საკუთრებაა. როგორ გამართავენ პარკინგს, მოქალაქეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, თვითმართველობას პასუხი არ აქვს. აქ მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საკითხი განხილვის ეტაპზეა და კანონმდებლობით იმოქმედებენ.