ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ PPP-თანამშრომლობის ფორმატში ქვეყანაში სველი წერტილების საკითხი მოწესრიგდება. როგორც მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრობლემის გადასაწყვეტად მომზადებულია შესაბამისი პროექტიც. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„მინდა შევეხო იმ მწვავე გამოწვევას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში – სველი წერტილების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყველაზე ნაკლებად იყოს ჩვენი, ტურიზმის ადმინისტრაციის და ეკონომიკის სამინისტროს დაფარვის ზონა, გვესმის, რომ ყველაფერზე, რაც აფერხებს შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმის ღირსეულად წარმოჩინებას, მზად ვართ, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ.
ჩვენ შევიმუშავეთ პროექტის ფორმა, რომლითაც ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება. აქ ვხედავთ უდიდეს როლს კერძო სექტორისა და ვფიქრობთ, ეს იქნება ჩვენი გადმოსახედიდან ე.წ. PPP-თანამშრომლობა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.