შეფერხებებია კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტურო და პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა, ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურის მოწოდებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით. მოქალაქეების ინტერესი არის ძალიან მაღალი. ძალიან ცუდია, რომ რეგისტრაციის სისტემაში მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხერხდა მისი აღმოფხვრა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივიდა აიტი სამსახური. „იმედი გვაქვს, რომ ეს ხარვეზი მალე აღმოიფხვრება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მისი თქმით დღეს გამოცხადებული „ფაიზერი“ დოზების რაოდენობა არაა საბოლოო. „გადარიცხულია მთელი თანხა და „ფაიზერთან“ მოლაპარაკების პროცესში შეთანხმებულია დამატებითი დოზების ეტაპობრივი მოწოდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლოთ.