მესტიის მუნიციპალიტეტში, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების პრევენციისთვის, რკინა-ბეტონის არხი აშენდება

423

მესტიის მუნიციპალიტეტში, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების პრევენციისთვის, რკინა-ბეტონის არხი აშენდება, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე გასცა ნებართვა პროექტირების გამარტივებულ შესყიდვაზე. ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე, გაფორმდა ხელშეკრულება და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროცესი ტექნიკური დავალების შესასრულებლად.

საპროექტო სამუშაოების ტექნიკური დავალება ითვალისწინებს 5 მეტრის სიგანის, 950-მეტრიანი რკინა-ბეტონის არხის მშენებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალური ღონისძიებების მიზნით.

ხელშეკრულების გათვალისწინებული, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაო უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 30 ივლისამდე, რის შემდგომ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

აპრილში, ძლიერი წვიმის შედეგად, მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდეჯერმე ადიდდა ღელე და განვითარდა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდებოდა ღელის განტვირთვა. ორი კვირის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში ებრძოდა სტიქიას ადგილობრივი თვითმმართველობა. ვითარება დროებით შეჩერდა, თუმცა, ამ დროისთვის, კლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომლებმაც პროცესები ადგილზე შეისწავლეს და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა სოფელ ჟაბეშის ტერიტორიაზე გართულებული გეოდინამიკური პირობების შესახებ.

აღნიშნული პროცესების გამომწვევ ძირითად მიზეზებად დასახელდა ტერიტორიის რთული მორფოლოგიური და გეოლოგიური პირობები და მდინარის სათავის ზონაში არსებული მძლავრი მეწყრული სხეული, რომლის გააქტიურებასაც ხელი შეუწყო სამიზნე არეალში, თოვლის დნობისა და უხვი ატმოსფერული ნალექების თანხვედრილობამ, რის შედეგადაც მეწყრული მასები ტრანსფორმირდა ღვარცოფულ ნაკადებად.

გეოლოგების მიერ გაიცა რეკომენდაცია გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაზე.