პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა. როგორც საკითხის მომხსენებელმა, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კომისიის მანდატი 17 ივლისს იწურება და ამ დროში არსებული მასალის დამუშავება შეუძლებელია. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კომისია დასკვნას სავარაუდოდ, თვის ბოლოს წარუდგენს ბიუროს სხდომას.
„სხვადასხვა უწყებიდან საკმაოდ დიდი მოცეულობის ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი და ვითვალისწინებთ იმას, რომ გადათვლის პროცესის, 40-მდე ადამიანთან გასაუბრების შედეგად საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა, რომელიც საჭიროებს საფუძვლიან დამუშავებას, დიდი ნაწილი არის დამუშავებული, თუმცა, გარკვეული ნაწილი არის დარჩენილი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომისიის მანდატი 17 ივლისს იწურება, შეუძლებელია, რომ ამ დროში მოხდეს ამ მასალის სრულფასოვნად დამუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა.
ამიტომ, ჩვენი თხოვნაა რეგლამენტით გათვალისწინებული კიდევ ერთი თვით ვადის გაგრძელება მოხდეს, თუმცა, აქვე შეგატყობინებთ, რომ სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის კომისია წარმოადგენს როგორც დასკვნას, ასევე დადგენილების პროექტს, რომელიც ბიუროს წარედგინება და შემდეგ ბიუროს გადასაწყვეტი იქნება, როდის ჩაინიშნება მოსმენა,“- განაცხადა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, 30 ივნისს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა 8 ივლისს გაიმართებოდა, სადაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნის პროექტს წარადგენდნენ.