კობახიძე: კითხვები ღარიბაშვილის გადადგომაზე არასერიოზულია

496

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას გამორიცხავს. მისი თქმით, კითხვები მთავრობის მეთაურის გადადგომაზე, არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

“პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თვეების მანძილზე ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, “ამ დაჯგუფებაში” შედის რამდენიმე პირი, ასევე “სირცხვილია” და ის პოლიტიკური ძალები, რომელთა კოორდინაციითაც მოქმედებენ. მათი მიზანია, “ოცნების” თავმჯდოამრის განმარტებით, დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, ეკლესიას, ეს კი ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებია.

“ჩვენ არამხოლოდ დავგმეთ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობა, არამედ დაკავებულია არაერთი პირი. გვახსოვს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემთხვევები წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ რაც შეიცვალა ხელისუფლება, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ჟურნალისტებზე ძალადობის. აბსოლუტურად არ იყო გათვლილი ის, რაც მოხდა. როდესაც 6 ივლისს იყო პროგნოზირებადი ძალადობა, ასეთ დროს პოლიციამ მარტივად მოახდინა ძალადობის პრევენცია, თუმცა 5 ივლისს ეს იყო შეუძლებელი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

5 ივლისის მოვლენების და მომხდარიდან რამდენიმე დღეში “ტვ პირველის” ოეპრატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მედიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა, პარტიების წარმომადგენლებმა პრემიერის გადადგომა გუშინ გამართულ აქციაზე მოითხოვეს.