საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც TV პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი სასესიო დარბაზში შევიდა და მას დარბაზი დაატოვებინეს.
ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან არიან ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ანა წითლიზე და თაკო ჩარკვიანი. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყებას საშუალებას არ მისცემენ.
პარლამენტის შენობის შემოსასვლელთანაც არეულობაა, რადგან მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. მედიის წარმომადგენლები ითხოვენ, შეუშვან პარლამენტში და დასვან შეკითხვები.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.
ამ წუთებში ოპოზიციის დეპუტატები დარბაზში რჩებიან და ჯერჯერობით, გაურკვეველია, როდის დაიწყება სხდომა.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მანდატურის სამსახურთან ერთად, პირადი დაცვაც იცავს. მან აღნიშნა, რომ ნაცებმა პარლამენტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.