2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდეს

845

2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომისიის საქმიანობის გახანგრძლივების საჭიროება მოპოვებული მასალის სიმრავლიდან გამომდინარე დადგა.

„აღნიშნულის საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც გადავხედეთ მოპოვებულ მასალას, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციით და კორესპონდენციით მოვიპოვეთ. ასევე, გადათვლების და გასაუბრებების შედეგები. იცით, რომ 40-მდე პირთან გვქონდა გასაუბრება და მათგან ახსნა-განმარტებები მივიღეთ. აქედან, მასალების ნაწილი დამუშავებულია. კომისიას მუშაობის ვადა კვირის ბოლოს ეწურება და მიზანშეწონილად მიგვაჩნია ეს ვადა გახანგრძლივდეს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ სრული ერთი თვე აღარ იქნება გახანგრძლივება საჭირო და ამ თვის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მასალა დამუშავდეს და პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნის პროექტი, რომელშიც რეკომენდაციები იქნება ასახული, ასევე დადგენილების პროექტი გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.