ირაკლი ხმალაძე: ვარკეთილში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებაზე ორი კომპანია მუშაობს

307

“უახლოეს პერიოდში დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ ავარიული შენობების ჩანაცვლების ეკონომიკურად გამართულ კონცეფციას”, – ეს განცხადება კახა კალაძემ 2020 წლის ნოემბერში გააკეთა, საქმე ეხებოდა ვარკეთილის მესამე მასივის განაშენიანების კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ადგილზე ავარიული შენობების ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება მოხდებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ თბილისის ვიცე-მერს ჰკითხა – დამტკიცდა თუ არა ავარიული შენობების ჩანაცვლების კონცეფცია და დაიწყო თუ არა ვარკეთილის მესამე მასივში „ხრუშჩოვკების“ განახლების პროექტი.

ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, კონცეფცია მზად არის და ორი კომპანია ავარიული შენობების ჩანაცვლების საკითხზე მოსახლეობასთან უკვე მუშაობს.

„გასულ წელს დავიწყეთ მუშაობა და ვარკეთილის მესამე მასივში არსებული ავარიული ხრუშჩოვკების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კონცეფცია საკრებულოში უკვე დამტკიცებულია და რამდენადაც ვიცი მესამე მასივში მსხვილი არეალის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ორი კომპანია უკვე მუშაობს. ეკონომიკურად გამართული მოდელია შემუშავებული და მჯერა, რომ ვარკეთილის მესამე მასივში ჩანაცვლების პროგრამა მალე დაიწყება. ეს საპილოტე პროგრამა იქნება და თუ მან იმუშავა, მაშინ მისი გაშლა მთელი ქალაქის მასშტაბით შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერი ავარიული შენობების ჩანაცვლების დაწყების ზუსტ დროს ვერ ასახელებს და განმარტავს: „ამ ეტაპისთვის ორი კომპანია მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მთავარია ნორმალური კომუნიკაციის გზით კომპანიამ მოსახლეობასთან შეთანხმებას მიაღწიოს და შემდეგ ძველი ავარიული შენობების ჩანაცვლება და მთლიანად უბნის განახლება დაიწყება“.