ირაკლი ხმალაძე: „თბილისის მიკროავტობუსმა“ 90 მლნ ლარის მობილიზება შეძლო

361

თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ მერიის მიერ შეძენილი 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვა დათქმულ ვადებში 1 ივლისამდე შეძლო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BM.GE დაინტერესდა, საიდან გაუჩნდა „თბილისის მიკროავტობუსს“ ავტობუსების გამოსასყიდი ფინანსური რესურსი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ მიკროავტობუსების შეძენა კომპანიის უსახსრობის გამო მუნიციპალიტეტის მერიას თავად მოუწია. ამ კითხვაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ სასესხო დაფინანსების სახით 90 მლნ ლარი მოიზიდა, რომელიც მიკროავტობუსების განახლებას და განვითარებას მოხმარდება.

“რთული და გამოუვალი მდგომარეობიდან ჩვენ მივიღეთ შედეგი. როდესაც ჩვენ მოვედით მუნიციპალიტეტში კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მდგომარეობა არასახარბიელო იყო და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე მიკროავტობუსების ჩანაცვლება შეუძლებელი იყო. ამიტომაც დადის ხალხი დღემდე ამ ყვითელი, გაუბედურებული მიკროავტობუსებით. ამიტომაც გადაწყვიტა მუნიციპალიტეტმა, რომ 300 ერთეული ჩვენ შეგვეძინა და ამის შემდეგ დავიწყეთ კომპანიასთან მოლაპარაკებები, შევცვალეთ თანხები და დღეს უკვე დადასტურებულად ვამბობთ, რომ იურიდიულად ეს პროცესი დასრულებულია. 300 ერთეული კომპანიამ უკვე გამოისყიდა. ამ თანხით მუნიციპალიტეტმა დამატებით 300 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინა.

კომპანიამ მის მიერ მოზიდული თანხებით დამატებით 400 ერთეული შეიძინა. ჯამში, ჩვენი მიკროავტობუსების ჩანაცვლების პირობა სახელშეკრულებო დონეზე შესრულებულია და წლის ბოლოდან დედაქალაქის მოსახლეობას განახლებული მიკროავტობუსები მოემსახურება. კომპანიამ საკუთარი და სასესხო რესურსის გზით 90 მლნ ლარის მობილიზება შეძლო, ეს ის კაპიტალია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას განახლებული მიკროავტობუსების მხრივ მოემსახურება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.