12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2021 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად, ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში. ამდენად, ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავს.
ახალი მიდგომა გაზრდის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში, ასევე ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
აპლიკანტთა ჩარიცხვის პროცესში გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მექანიზმები, რაც, პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტთა შერჩევა-შეფასების მიმართულებით გაცილებით მოქნილ მიდგომებს ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დამსაქმებლებთან ერთად, თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.
2021 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე – vet.emis.ge და vet.ge.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.