ცესკო-ს წევრობის კანდიდატი აკაკი ხუსკივაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად ხელს არ უშლის

267

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი აკაკი ხუსკივაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად ხელს არ უშლის. როგორც ხუსკივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ შესარჩევ კომისიას წარუდგინა, წესრიგშია და გასაუბრებაზე გასავლელად მას ხელი არ უნდა შეეშალოს.

„ჩემი მოტივაცია იყო ძალიან მარტივი. 1995 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში, ხოლო უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში ოლქის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვიყავი 2007 წლიდან. შესაბამისად, გამოცდილება მაძლევს იმის მოტივაციას, რომ წევრობაზე შემეტანა განაცხადი. რატომ არა თავმჯდომარეობაზე? – ეს ძალიან მარტივი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან იმიტომ, რომ თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი წევრი და ის გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, საარჩევნო ადმინისტრაცია ასეა ამოწყობილი, ის არის კოლეგიალური ორგანო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო საარჩევნო ადმინისტრაციას იმ კუთხით, რომ ის რეიტინგი და ნდობა, რაც ადმინისტრაციას წლების განმავლობაში ჰქონდა, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ამომრჩევლების მხრიდან. იმედია, კომისიის ეტაპს გადავალ, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის და შემდგომ ეტაპებს, ეს მეტნაკლებად პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ჩემი პროფესიონალიზმი არ ითამაშებს გარკვეულ როლს.

რაც შეეხება ჩემთან მიმართებაში დაწყებულ სამართალწარმოებას, ვერ გეტყვით როდის დასრულდება. თუ სამი „სმაილიკის” გამო რაიმე გამამტყუნებელი განაჩენის გამოიტანენ, ან კერძო მიმოწერის გამო, სადაც არაფერია დაფიქსირებული, ვფიქრობ, ეს გამორიცხულია ნებისმიერ შემთხვევაში. გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკურად ვერ დადგება, რადგან რასაც ჩვენ გვაბრალებენ იდეაში არ არსებობს გარდა ჩემს მიერ მეგობრისთვის გაგზავნილი სამი „სმაილისა”.

კომისიაში ის ადამიანები არიან, ვინც თვალს ადევნებდა 2020-ის არჩევნებს და აბსოლუტურად ყველაფერი ჩანდა, რისთვის და რატომ დაგვიჭირეს, ან რატომ გამოგვიშვეს”,- განაცხადა ხუსკივაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომისიას სრულყოფილი დოკუმენტაცია წარუდგინა, თუმცა, გასაუბრებისთვის ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

„ყველაფერი წესრიგში მაქვს. მათ შორის ნასამართლეობის საბუთიც, რომ არ ვარ ნასამართლევი, ხოლო ძიებაში მყოფი საქმე სანამართლეობას არ ნიშნავს”,- განაცხადა ხუსკივაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ა(ა)იპ „საარჩევნო სისტემების განვითარების და რეფორმების ცენტრში” მეორე კატეგორიის სპეციალისტი, ტრენერთა ტრენერი იყო.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულია ქრთამის შეთავაზების, ძალადობის და ზეწოლის ფაქტზე, რაზეც სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კონკურსია გამოცხადებული. კანდიდატებთან გასაუბრება დღეს უნდა დაიწყოს.

შესარჩევმა კომისიამ თავჯდომარეობის მსურველი 8 კანდიდატი და წევრობის მსურველი 16 პირი უნდა გამოკითხოს. გასაუბრების პროცესი ხვალ დასრულდება.