2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი 1,114 მლრდ ლარით იზრდება და ბიუჯეტის მოცულობა 19,498 მლრდ-ით განისაზღვრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაზრდილი დაფინანსება შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება: ჯანდაცვის ხარჯები გაიზრდებ 446 მლნ ლარით, რაც უშუალოდ კოვიდპანდემიის მართვისა და პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.
„ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის 75 მლნ ლარი გამოიყოფა, რაც გულისხმობს 120 ათას ქულამდე ოჯახებში ბავშვების დახმარებას, თითოეულზე 50 ლარის ნაცვლად უკვე 100 ლარის ოდენობით.
დევნილთა სახლების უზრუნველყოფაზე დამატებით მიემართება 35 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსება იზრდება 177 მლნ ლარით. ეკონომიკის მწარმოებელი სექტორის ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55 მლნ ლარი.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამატებით გამოიყოფა 220 მლნ ლარი.
განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, სახელმწიოფ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლდ პარლამენტს ხვალ წარედგინება.