ქობულეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით, თემატური ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო მუშავდება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წიგნთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ქობულეთში გამართა, სადაც პროექტში ჩართულ გიდებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ტურების პირველადი ვარიანტები განიხილა.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აღნიშნავენ, ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოში 5 დამუშავებული ტური შევა, სადაც ქალაქთან ერთად, ქობულეთის საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები და ადგილები აისახება.
ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ბათუმზე შექმნილი ანალოგიური სახელმძღვანელოს მსგავსად, სამენოვანი იქნება. მის შემუშავებაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, 5 ადგილობრივი გიდია ჩართული.
„ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოები რეგიონში მოქმედი გიდების ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით იქმნება. მასში შესული პრაქტიკული ტურები თავისი ელექტრონული რუკებით, ფოტოებითა და ინფორმაციებით დამწყებ და მოქმედ გიდებს დაეხმარება, უკეთ წარმოაჩინონ ბათუმი და ქობულეთი. გარდა ამისა, ის ხელს შეუწყობს უკვე არსებული პრაქტიკული ტურების გამრავალფეროვნებასა და განვითარებას. სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. მასში 20-მდე გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს უკვე წლის ბოლოსთვის შეეძლებათ“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თამარ კაიკაციშვილმა.