ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 16 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ზონირების პრინციპის დაცვით, აქ ახალი სივრცეები მოეწყობა. საბოლოოდ, დედაქალაქს ვაკის პარკი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით დაუბრუნდება. ძალიან სასიხარულოა, რომ პარალელურად ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციაც დაიწყება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ამჟამად, ამფითეატრის, ძაღლების სასეირნო მოედნის, ფანჩატურების, ბეტონის ბილიკების, ელექტროგაყვანილობისა და სარწყავი ქსელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ ამ ეტაპზე, უკვე აშენებულია ადმინისტრაციული შენობა და წყალსაცავი რეზერვუარი, მოწყობილია სანიაღვრე ცენტრალური ქსელი, რესტავრირებულია ძველი სანათები და დამონტაჟებულია საპარკე ფურნიტურა. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს. კერძოდ, უცვლელი რჩება პარკის გეგმარება.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება პარკში არსებული ღია კინოთეატრის შენობა; მოეწყობა ცხოველების სასეირნო ახალი სივრცე, საპიკნიკე ზონა, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები და სამაგიდო თამაშების ზონები; განახლდება ველობილიკი.
დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდება მცენარეული საფარი. პარალელურად, იწყება ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის პროექტიც უკვე მზადაა. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც ამჟამადაა. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.