საფრანგეთმა თბილისს წყალდიდობის პრევენციისთვის სპეციალური სისტემის შემუშავებისთვის 500 000 ევრო გამოუყო

736

წინა სტატია

თბილისის მერმა ოთხშაბათს, 30 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით, სპეციალური სისტემის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 000 ევროა.

თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა პროექტის დეტალებზეც ისაუბრა.

„საფრანგეთის მთავრობამ და თბილისის მუნიციპალიტეტმა მემორანდუმი 2020 წელს გააფორმეს, რომელიც თბილისში სანიაღვრე სისტემებში ინოვაციური ტექნოლოგიების დამონტაჟებას მოიცავს, რაც სანიაღვრე სისტემის გამართულად მუშაობის საშუალებას მოგვცემს. დედაქალაქში 5 ლოკაციაზე როგორც მეტეოროლოგიური დეტექტორები, ასევე წყლის მზომი და წყლის ხარისხის მზომი დეტექტორები და საბოლოო ჯამში მტკვრის შენაკადებზე გამწმენდი ნაგებობები დამონტაჟდება. შერჩეული ლოკაციები გლდანიდან სამგორამდე 5 ლოკაციაზე შეირჩევა. ამ ლოკაციებზე გარკვეული სინჯების აღება უკვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში სამუშაოებს დავიწყებთ“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.