კალაძე: „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის პრევენციისთვის სპეციალურ სისტემას შეიმუშავებს

254

თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ იწყებს სპეციალური სისტემის შემუშავებას წყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ, საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

„მემორანდუმი ითვალისწინებს ლოჯისტიკური ხარჯებისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას ფრანგული მხარის მიერ, იმისთვის, რომ შემდგომში ეს მეთოდი გამოყენებული იქნას ქალაქის სხვა ძირითად სექტორებშიც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დედაქალაქის შერჩეული ტერიტორიების შესწავლა, ანალიზი და ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის.

ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლა-დიაგნოსტირებას და მოდელირებას, როგორებიცაა: მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი. შემდგომში კი მტკვრის დაბინძურების პრევენციისთვის მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა“, – განაცხადა კალაძემ.