„დედაენის ბაღის“ განახლებული სივრცე მომავალს თანამედროვე ხედვის კონცეფციით ხვდება

782

170–წლიანი ისტორიის მქონე მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სრულიად ახალი ხედვის კონცეფციითა მოწყობილი და განსაკუთრებულად მშვიდ და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს ნებისმიერი ასაკის ვიზიტორს.

170 წლის წინ, 1851 წელს დასრულდა დღევანდელი მშრალი ხიდის მშენებლობა, რომელმაც ახლანდელი ათონელის ქუჩა ზაარბრიუკენის მოედანს დააკავშირა და ეს ტერიტორია დედაქალაქის ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა.

ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად მისი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვას კომპლექსურ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროცესად აფასებს პროექტის შემსრულებელი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი.

ბაღი რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკით, თანამედროვე დიზაინით, განსხვავებული გამწვანებით, მოსასვენებელი სკამებით, სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეით ნებისმიერი ასაკის ადამიანის მისაღებადაა მზად.

აქვე 180-ზე მეტი კომერციული დანიშნულები სტენდი მოეწყო, რომლითაც 260–ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. „დედაენის ბაღის“ პირველადი პროექტი პოპულარული მებაღის, „გარდენიას“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძის ხელმძღვანელობით მომზადდა. შემდეგ პროცესში შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კომპანია ჩაერთო.

გეგი ქელბაქიანის თქმით, პროექტში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევის შედეგად, საბოლოო პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწა და არსებულ გარემოს, რომელიც 29 000 კვ/მ ფართობს მოიცავს, უკეთესად მოერგო.

„პროცესი იყო ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. როგორც ყოველთვის, ამ პროექტის შემთხვევაშიც აქტიური თანამშრომლობა გვქონდა დამკვეთთან – თბილისის განვითარების ფონდთან, სხვადასხვა პარტნიორთან და ამ კოლაბორაციის შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი. მსგავსი პროექტების ხიბლი სწორედ იმაშია, რომ „ენსისი“ ყოველთვის ცდილობს, არსებულ პროექტს დამატებითი ღირებულებები შესძინოს. ეს შემოქმედებითი პროცესია და გზადაგზა ხდება დეტალების დახვეწა, განვითარება, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ეს გაცილებით საინტერესოს ხდის პროექტს. შედეგიც ყოველთვის უფრო ხარისხიანი და შეთამბეჭდავია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროექტი ისტორიულ უბანში ხორციელდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული იყო იმითაც, რომ ამ საინტერესო, შემოქმედებით პროცესში ჩემი შვილიც იყო ჩართული და დღეს ისიც განსაკუთრებული ემოციით სტუმრობს პარკს. მთავარი რამ, რაზეც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ამ პროცესში ფიქრობს და სულ გვახსოვს, არის ის, რომ ჩვენმა პროექტმა ადამიანების ცხოვრების წესი უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია “, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.

კომპანია „ენსისის“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი განუხორციელებია და ახორციელებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში: მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ტერიტორიაზეც შალიკაშვილების ცნობილი სასახლე დგას; დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა; თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვ.