თბილისის ვიცე-მერი: დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამით ვამაყობ

217

დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამით ვამაყობ, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა და პერსპექტივა.

„მშენებლობის გაცემის პროცესი არსებობს ასეთი რგოლი, რომ რაღაცას გიხარვეზებენ. გეუბნებიან, რომ რაღაც არ გაქვს სწორად და მერე გეძლევა ვადა ამის გამოსწორებისთვის. ასე ხდებოდა ხოლმე, რომ ხედავდა თანამშრომელი სამ ხარვეზს, ჯერ ერთს დაახარვეზებდა, 30 დღეში იმას რომ გაასწორებდი, მერე მეორეს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რასაც ვებრძოლეთ. მართვისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემა დავნერგეთ. სხვათაშორის, თვითონ თანამშრომლებიც ძალიან დაგვიდგნენ გვერდში და ამ ეფექტური სისტემით შევძელით ის, რომ პროცესი გაიმართა. ასეთი პრობლემები აღარ გვაქვს. პირადად მიწევდა-ხოლმე კონტროლი თითოეული განცხადების, ბოლო დროს არც მომიკითხვას, რადგან აღარ მომდის პრეტენზიები. თუმცა არ არის ეს საკმარისი, ამით არ ვამაყობ, არამედ იმით, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გავაკეთეთ სხვადახვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით, ჩემს გარემოცვაშიც კი კმაყოფილი ადამიანი არ მყავს. ჩემი ოჯახის წევრებიდან დაწყებული არავინ არ არის კმაყოფილი და ასეც უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი. ჩვენ უნდა შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი გარემო ამ ქალაქში. ეს არის მოთხოვნა, რომელიც მოსახლეობისგან მოდის და სწორია. ეს მოთხოვნა და მოსახლეობისგან წამოსული დაკვეთა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა და პერსპექტივა. ყოველთვის რაღაც გაფუჭდება და რაღაცის გაკეთების პერსპექტივა იქნება. გაფუჭებულსაც უნდა გაკეთება და პერსპექტივასაც უნდა გამოყენება, რომ რაღაცა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.