ზედამხედველობის სამსახური დაიხვეწა, მოხდა ბრენდირება, გაიზარდა ჯარიმები, აღჭურვილობა და ახალი სატრანსპორტო საშუალებები მივეცით ინსპექტორებს, გაიზარდა ეფექტიანობა. 4 წლის განმავლობაში 18 000 სამართალდარღვევა გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ. ეს არ არის პატარა მაჩვენებელი და მე ვისურვებდი, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო ნაკლები იყოს, რადგან ეს დარღვევები ძალიან სტკივა ქალაქს, – მუნიციპალური ზედამხედველობის რეორგანიზაციის შესახებ გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
„გამოიწერა დაახლოებით 80 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა სხვადასხვა მიმართულებით, გარემოს დაბინძურება, სამშენებლო პროცესები, ხმაურის წესების დარღვევა და ა.შ. მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე. დღეს ეს სრულიად განსხვავებული სამსახურია, მათი კომპეტენციაცა და კვალიფიკაციაც კიდევ უფრო მაღალია. კომუნიკაციის სტანდარტი უშუალოდ მოქალაქეებთან დაინტერესებულ პირებთან გაცილებით მაღალია, უფრო მომზადებული თანამშრომლები გვყავს და უფრო ეფექტურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. მომსახურების ცენტრების რეაბილიტაცია იყო აუცილებელი რგოლი. თქვენ რომ გენახათ რა სივრცეებში ხდებოდა მოქალაქეების მომსახურება, ეს იყო შეურაცხმყოფელი. ჩვენ მოვახდინეთ რაიონული ცენტრების ცენტრალიზება. რაიონულ სერვისცენტრში შესაძლებელი იყო სერვისის მიღება მხოლოდ რაიონის მასშტაბით. ყველა რაიონული სერვისცენტრი გახდა ცენტრალური სერვისცენტრი. ამით მოქალქეებს მივეცით კომფორტი და მათ არ სჭირდებათ დიდ მანძილზე გადაადგილება. რეაბილიტაცია არის კომფორტული გარემოს შექმნა, შშმ სტანდარტებთან ადაპტირება და ა.შ. სერვისების უდიდესი ნაწილი ჩვენ გადავიტანეთ ელექტრონულ პლატფორმაზე. ნებისმიერი მუნიციპალური სერვისის მიღებაა შესაძლებელი ვებგვერდზე“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.