ხმალაძე: პანდემიის პერიოდში, მეწარმე-სუბიექტებისთვის გაწეული შეღავათები მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 10 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა

322

პანდემიის პერიოდში, მეწარმე-სუბიექტებისთვის გაწეული შეღავათები მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 10 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დედაქალაქი“ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, 2020 წელი თბილისისა და მთელი მსოფლიოსთვის ფინანსურად ძალიან მძიმე იყო და ამ შედეგებს დღემდე ებრძვიან.

„ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ერთ-ერთი იყო ეკონომიკური სექტორი. ეკონომიკური აქტივობები მნიშვნელოვნად შემცირდა. შემცირდა მეწარმე-სუბიექტების ეკონომიკური ბრუნვა. ძალიან გაუჭირდათ ამ ადამიანებს. ვიცით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ვიმუშავეთ იმისათვის, რომ თითოეული ბიზნეს-საქმიანობა გადაგვერჩინა. თითოეული მეწარმისთვის გვეზრუნა და თუ რაიმე მართვის სადავეები ჰქონდა მუნიციპალიტეტს, რაც კი შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ეს შეღავათები მათ 10 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

„მუნიციპალიტეტმა უარი თქვა მისაღებ შემოსავლებზე იმ პირებისგან, რომელთაც გადასახდელი ჰქონდათ, ვთქვათ, იჯარა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. ზოგიერთს პირგასამტეხლოების დაკისრება შეუჩერა, ზოგს ვადა გავუხანგრძლივეთ, ზოგს კი იჯარის გარეშე უფლება მივეცით, ღია კაფეები მოეწყო. როდესაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები დასრულდა, შემდეგ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. 4,200 მლნ ლარი გამოიყო იმისთვის, რომ კვების ობიექტებისა და რესტორნებისთვის დახმარება მიგვეცა. ასევე, დახმარება გავუწიეთ ღამის კლუბებს, ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებსა და საბავშვო გასართობ ცენტრებს. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გადარჩეს თითოეული მათგანის საქმიანობა“, – განაცხადა ხმალაძემ.