ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა 3 კვირის განმავლობაში უნდა აირჩიოს.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 3 კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. იოსელიანის განმარტებით, პროცედურის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 სჭირდება. თუ კანდიდატი 100 ხმას მიიღებს, ის 5 წლის ვადით იქნება არჩეული, თუ კვორუმი არ შედგება, მაშინ 6 თვის ვადით. ახალი კანდიდატი დეპუტატების არასაკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში 6 თვე იქნება თავმჯდომარის სტატუსით.
“ეს სამი კვირა კი მოვალეობას თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება კითხვას, რა ხდება 6 თვის შემდეგ, კანონში სხვა ჩანაწერი არაა”, – განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, როგორც ცესკო-ში აცხადებენ, გარდამავალი დებულების მიხედვით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არასაკმარისი ხმებით არჩევის შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის კანონით გათვალისწინებული იგივე პროცედურა 6 თვის შემდეგ განახლდება.
ცნობისთვის, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობას 1 ივლისიდან ტოვებს.