გლდანის მე-7 მიკრორაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერის განახლება-რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშზე მე ვისაუბრე დედაქალაქში ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და მათ შორისაა 1000 მწვანე სივრცე, რომელიც 2018 წლიდან დღემდე მოეწყო და განახლდა. მაშინაც ვთქვი და გავიმეორებ: ეს არ არის საკმარისი, ამაზე ჩვენ არ შევჩერდებით და პოლიტიკის ფარგლებში იგეგმება კიდევ ბევრი, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილების გამწვანება, იქ პარკებისა და სკვერების მოწყობა. კიდევ ერთი სივრცე, რომლის განახლება-რეაბილიტაცია დაიწყო, არის გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში მდებარე ე.წ. ბროწეულის სკვერი.
აქ, დაახლოებით 10 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა მრავალფუნქციური, ყველა ასაკის მოქალაქისთვის გათვლილი სკვერი, სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის და ჭადრაკის მაგიდები. ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი, ასევე, წყლის სოკოები და ფიტნეს ზონა.
ამ სივრცეში დამონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სხვადასხვა საპარკო ინფრასტრუქტურა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დამონტაჟდება უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ვიდეოკამერები. სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 196 990 ლარი არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.