კალაძე: გარეგანათების შეცვლაზე ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება

277

თბილისის მერ, კახა კალაძის განცხადებით, გარეგანათებების შეცვლის მიმართულებით ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება, – განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

მერის თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ქალაქში სანათების შეცვლაზე 23 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

„ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი ამ მიმართულებით არ იხარჯება. გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოიძიოს თანხები და ამ თანხებით განახორციელოს სანათების ჩანაცვლების პროექტი. იმ თანხიდან, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვხარჯავთ და ვიხდით ელექტროენერგიის მოხმარებაში, დაზოგილი რესურსი მიმართული იქნება ამ კონკრეტულ კომპანიაში. პირველი ქალაქი არ ვართ, ვინც ამ მოდელით მსგავს პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, თბილისის ვიცე-მერ, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, არსებობს რესურსი, რომ გარეგანათების სექტორმა გადასახადის 70% დაზოგოს.

„შევადგინეთ თბილისის გარეგანათების ახალი სტანდარტი. ახლა მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და კერძო კომპანიების, კერძო ინვესტიციით განხორციელდება 100 მილიონიანი თბილისის გარეგანათების განახლების პროექტი. თბილისის გარეგანათების სექტორს 70%-იანი დაზოგვის შესაძლებლობა გააჩნია“, – აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩაიშალა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სამი ტენდერი, რომლითაც, ჯამში, 85 მილიონი ლარის ღირებულების LED გარეგანათებების შესყიდვა იგეგმებოდა. შესყიდვის ჩავარდნა, სავარაუდოდ, მისმა არასტანდარტულმა პირობებმა გამოიწვია.

გარეგანათების ტენდერები 3 ნაწილად იყო დაყოფილი. მერია 28.4 მლნ ლარის, 27.7 მლნ ლარის და 29.3 მლნ ლარის ღირებულების 100,000 LED განათებას ყიდულობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო, პროდუქცია წელს მიეწოდებინა, თუმცა “თბილსერვის ჯგუფი” ამ პროდუქციის საფასურს 10 წლის ვადაში გადაიხდიდა.

თავდაპირველად, თითოეული ამ ტენდერის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიონით მაღალი იყო და მათი ჯამი 101 მილიონ ლარს შეადგენდა. განახლებული პირობებით კი “თბილსერვის ჯგუფი” ამ გარეგანათებების შესყიდვაში 85 მილიონ ლარს იხდიდა, თუმცა არცერთმა კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა არ ისურვა.