სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ფორსაჟი საქართველოში გადაიღეს, ისევ გაგრძელდება

524

სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც საქართველოში ფორსაჟი გადაიღეს, ისევ გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კინოინდუსტრიის მხარდამჭერი პროგრამა 2019 წლის ბოლოს, კორონავირუსის გამო შეწყდა, დღეს კი გადაწყდა, რომ გაუმჯობესებული ფორმით აღდგეს.

“ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ასევე, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი სხვადასხვა კინოკომპანიის ჩამოსვლას საქართველოში და აქ კინო გადაღებას, ასევე, გარკვეული სამუშაო ადგილების შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის განახლების მოლოდინში რამდენიმე პროექტი იქნა წამოწყებული, რომელიც ეხება არამხოლოდ ერთჯერადად რომელიმე კინოპროდუქტის გადაღებას, არამედ, კონკრეტულად სტუდიების და პავილიონების შექმნას და გახსნას. მათ შორის, ჰოლივუდთან ასოცირებული კომპანიებიდანაც არის ასეთი იდეა და შემოთავაზება”, — თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროგრამა წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ტურიზმს, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყანაში მსოფლიო კინოინდუსტრიის პლატფორმის დამკვიდრებას.

თურნავამ განმარტა, რომ პროგრამა ე.წ. ქეშბექის პრინციპით მუშაობს — თუ ფილმს საქართველოში გადაიღებენ, სახელმწიფო საერთო ბიუჯეტის 20%-ს უკან უბრუნებს. მინისტრი ამბობს, რომ ბიუჯეტზე მკაცრი მონიტორინგი იქნება, რომელშიც კულტურის სამინისტროც ჩაერთვება. რაც შეეხება ვადებს, თურნავას ინფორმაციით, ძირითადად, ფილმის გადასაღებად 12-თვიანი პერიოდი აქვთ, თუმცა სერიალის ან ტრილოგიის შემთხვევაში შესაძლებელია ვადა გაიზარდოს.

მინისტრმა თქვა ისიც, რომ განაცხადების მიღება რამდენიმე დღეში დაიწყება.