პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა იზრდება

689

პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, იცვლება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებიც. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტების შემადგენლობის 19-დეპუტატამდე გაზრდას. მათგან კომიტეტის 10 წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.

ოპოზიციის შიგნით კი, კვოტები ასე განაწილდა: კომიტეტებში სამი წევრი ფრაქციიდან “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ იქნება, თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლება ყველა სხვა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფსა და უფრაქციო დეპუტატებს.

ამასთან, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტში არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ყველა კომიტეტის ათვისების შესაძლებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ყველა დანარჩენს კომიტეტებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. პარლამენტის კომიტეტების გარდა, წევრთა რაოდენობა გაიზარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიაში, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში და პარლამენტის ეთიკის საბჭოში.