პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე, საბოლოო მოსმენით “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, შესაძლოა, საარჩევნო რეფორმა, დღესვე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს და საბოლოოდ დაამტკიცოს.
პროექტს უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად მხარი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემაც დაუჭირა.
იმავდროულად კომიტეტმა მეორე მოსენით განიხილა „საარჩევნო რეფორმასთან“ დაკავშირებული მუხლი, რომლითაც განისაზღვრება თუ რამდენი მაჟორიტარი და რამდენი პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი უნდა იყოს თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ცნობისთვის, გასულ კვირას საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციამ დამატებითი კონსულტაციებისთვის აღნიშნული მუხლის მეორე მოსმენით მიღების გადადება ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ პროექტში აისახა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. საკანონმდებლო პაკეტში განსაკუთრებული სიახლე სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება – თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.
“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობისა და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. კანონპროექტით შეთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, შერეული სახის იქნება სამივე დონეზე – 7 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით.
კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.
კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. დაუშვებელი ხდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები.
პროექტით გათვალისწინებულია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა.