54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დგება

308

პარლამენტის 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დგება და ივლისის რიგგარეშე სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ამჯერად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ასეთი პარლამენტის 54 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომლებმაც 31 არჩევნების შედეგების გამო, მეათე მოწვევის პარლამენტს რამდენიმეთვიანი ბოიკოტი გამოუცხადეს, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და შესაბამისად, იმ რაოდენობის გაცდენა დაუგროვდათ, რომ პარლამენტმა ახლა მათ უფლებამოსილებაზე უნდა იმსჯელოს.

რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მიზეზს გამოარკვევს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მმართველი გუნდი კვლავ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელებს – სესიაზე ჩააგდებს პარლამენტის იმ 51 ოპოზიციონერი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ, თუმცა დეპუტატის მანდატს “ლეიბორისტთა” ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვეტს.

ამასთან, “ქართული ოცნებისათვის” კითხვის ქვეშ დგას ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის მანდატის შენარჩუნების საკითხი. ჯაფარიძე ფორმალურად პარლამენტს დაუბრუნდა და ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის წევრია, თუმცა იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტთან აქვს დავა, თებერვალში დეპუტატის მანდატის არშეწყვეტის თაობაზე.